ჩვენ შესახებ

მსოფლიოში ბოლო წლებში განახლებად ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება. ამ ტრენდს მიჰყვება საქართველოც. მოთხოვნის ზრდის გამო, ბაზარზე მზის ენერგიაზე მომუშავე კომპანიების რიცხვი მატულობს. პოტენციალისა და მოთხოვნის ზრდის გამო, მზის ენერგიის სექტორში მოქმედმა რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ სექტორის გაძლიერების სურვილი გამოხატა. სწორედ ამ მიზნით, 2023 წლის სექტემბერში მზის ენერგიის ასოციაცია – GSEA დაფუძნდა. ასოციაციაში ამ დროისთვის გაწევრიანებულია 16 კომპანია.

მზის ენერგიის ასოციაცია დაფუძნებიდან მალევე გახდა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის GREDA-ს წევრი, რომელიც 2017 წელს შეიქმნა. GREDA მიზნად ისახავს საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას, მის პოპულარიზაციასა და განახლებადი ენერგიის სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.

GREDA ზრუნავს საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრისთვის კონკურენტული და სამართლიანი წესების შემუშავებასა და სფეროს შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ზრდაზე. აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად, GREDA აქტიურად თანამშრომლობს როგორც პროფილურ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაცებთან და საჯარო სექტორთან.

ჩვენი მიზნები

საქართველოს მზის ენერგიის ასოციაციის (GSEA) ძირითად მიზანს წარმოადგენს მზის ენერგეტიკის და მასთან სხვა ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა საზოგადოების ინფორმირებულობით, კერძო და საჯარო ინსტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობით. ამასთან, ასოციაციის მიზანია დააჩქაროს მდგრადი და ენერგო დამზოგავი ენერგომომარაგების უზრუნველყოფა მომავლის ტექნოლოგიებით.

ასევე, ასოციაციის მიზანია საზოგადოებისთვის სიახლეების, მზის ენერგეტიკის და მასთან დაკავშირებული განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების გაცნობა როგორც მედიის საშუალებით, ასევე სოციალური ქსელებით.

ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს საკანონდებლო გარემოს და რეგულაციების გაუმჯობესება. ამისათვის კი აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს წინადადებების და ინიციატივების მომზადება საქართველოს მთავრობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიისთვის.

ასევე მზის ენერგიის ასოციაციის მიზნებია მზის ენერგეტიკაში საინვესტიციო პირობების გაუმჯობესება; ხარისხის სტანდარტების შემუშავება მოწყობილობების და სერვისებისათვის; მზის ენერგეტიკაში მონაწილე სუბიექტების კვალიფიკაციის ამაღლება და მზის ენერგეტიკის და სხვა განახლებადი ენერგიების წამახალისებელი ღონისძიებების დანერგვაზე მუშაობა.